თეგი: ილია ელოშვილი

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.  მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ილია ელოშვილი 47 წლის იყო. ის კახა კალაძის თბილისის მერად არჩევიდან რამდენიმე კვირაში მისი მოადგილე გახდა. მანამდე რამდენიმე თვით ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. უფრო ადრე, კი როცა კახა კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ელოშვილი მისი მოადგილე იყო.  

შს სამინისტრომ ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.  

ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის მოადგილის, ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას და საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, შეწყდეს სუიციდზე და ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საჯარო საუბრები სოციალურ ქსელებში, თუ ტელეეთერებში, ვიდრე არ დასრულდება მიმდინარე გამოძიება და არ დაიდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა. „ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორმაგად დიდი ტკივილია ჩვენთვის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია თვითმკვლელობის შესახებ, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან არანაირი წინაპირობა ან რაიმე ნიშანი იმისა, რომ ილია ყოფილიყო ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში არ არსებობდა. გასულ სამშაბათს, 31 მაისს, მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგ იგი გავიდა სამსახურში. ამას ადასტურებენ მისი კოლეგებიც და მეგობრებიც, ვისთანაც ილიას შეხება ჰქონდა სამშაბათს, უშუალოდ ტრაგედიის წინა დღეს გვიან საღამომდე და ვისთანაც ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები უშუალოდ გუშინ, ოთხშაბათს, 1 ივნისს, გარდაცვალების დღეს. და მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ დაუშვებელი იყო, ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ, რამაც უშუალოდ ბიძგი მისცა ამ ვერსიის და ასგვარი ჭორის გავრცელებას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჯახის და განსაკუთრებით ილიას არასრულწლოვანი შვილების მდგომარეობის გათვალისწინებით, მივმართავთ ყველას თხოვნით შეწყდეს სუიციდზე და ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საჯარო საუბრები სოციალურ ქსელებში თუ ტელეეთერებში, ვიდრე არ დასრულდება მიმდინარე გამოძიება და არ დაიდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა. ესაა ჩვენი ოჯახის უმორჩილესი სათხოვარი და ყველა კეთილგონიერი ადამიანი, იმედია, ამას გაითვალისწინებს. მადლობას ვწირავთ საზოგადოებას, ვინც იზიარებს ჩვენს განუსაზღვრელ ტკივილს“, – აღნიშნულია ილია ელოშვილის ოჯახის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს